X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მადრიდში Global Water Summit-ში მონაწილეობენ

19 მაისი 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე Global Water Summit-ში მონაწილეობენ, სადაც საერთაშორისო ინვესტორებთან, საფინანსო ინსტიტუტებსა და წყლის სექტორის წამყვან კომპანიებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

გიორგი კობერიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და მისი მოადგილე გიორგი გიორგობიანი სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წყლის ოპერატორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები გაიმართა ისეთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა - ესპანური კომოპანიები Acciona Agua, Sacyr Agua და GS Inima, არაბული კომოანიები Almar Water Solutions და Metito Utilities, ბელგიური კომპანია Waterleau, ფრანგული კომპანიები Saur, Sacyr Agua და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Suez, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს წყლისა და გარემოსდაცვითი სერვისების ოპერატორად ითვლება. კომპანია დღეს აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართ.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალზე, გრძელვადიან საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო პარტნიორობის მიმართულებებზე, რაც ქვეყნის წყლის სექტორის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესს ადასტურებს.

Global Water Summit წყლის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს წყლის სექტორის ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინვესტორებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს. ღონისძიების ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები, სადაც განიხილება წყლის სექტორის გლობალური გამოწვევები, თანამედროვე ტექნოლოგიები და წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხები.

მსგავსი საერთაშორისო სამიტები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და აქტიურად ჩაერთოს წყლის სექტორის განვითარების გლობალურ პროცესებში.